არაბთა გაერთიანებული საემიროების ტელეკომპანია საქართველოს ტურისტულ მიმართულებებზე გადაცემას ამზადებს

არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ გადაცემას ამზადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებიდან, დუბაიდან ტურისტული გასართობი შოუს "ვონჰო მსოფლიოს გარშემო" 5-კაციანი გადამღები ჯგუფი ეწვია. სამი დღის განმავლობაში ჟურნალისტებმა მცხეთა, სტეფანწმინდა და გუდაური მოინახულეს. თბილისში სტუმრებისათვის სპეციალურად კულინარიული მასტერკლასი გაიმართა. ჟურნალისტებს ქართული სამზარეულო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გააცნო.

"ტურისტულ-გასართობი შოუ "ვონჰო მსოფლიოს გარშემო" აზიის სხვადასხვა სახელმწიფოს, მათ შორის, არაბული ქვეყნების წამყვანი სატელიტური არხებით გადაიცემა. გადაცემის ყურება შესაძლებელია ავია-კომპანიების Emirates Airlines, Qatar Airways, Saudi Air და Korean Air-ის ბორტებზე. შოუს ოც მილიონამდე მაყურებელი ჰყავს და საკმაოდ პოპულარულია სოციალურ ქსელებში (Facebook - 1,650,000 მიმდევარი, twitter - 160,000 მიმდევარი, Instagram - 101,000 მიმდევარი)", - ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს მიმდინარე წლის 10 თვეში 14737 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 762%-ით მეტია. არაბთა გაერთიანებული საამიროები საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ 15-ეულში შედის.