დიმიტრი ქუმსიშვილი CNN-ის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ რეპორტაჟს გამოეხმაურა

ეკონომიკის სამინისტრო და მთავრობა ძალიან აქტიურადაა დაკავებული ქვეყნის პოპულარიზაციით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, რითაც ტელეკომპანია CNN-ის მიერ საქართველოს შესახებ რეპორტაჟის მომზადების საკითხს გამოეხმაურა. მისივე განმარტებით, ქვეყნის წარმოჩენა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. "ჩვენი სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ძალიან აქტიურადაა დაკავებული ქვეყნის პოპულარიზაციით ყველა მიმართულებით, მათ შორის ღვინის, ტურიზმის, კულტურის, საინვესტიციო პოტენციალის მიმართულებით, იმ პოტენციალის წარმოჩენის კუთხით, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაჩნდა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

"არის თუ არა საქართველო მსოფლიოს ღვინის აკვანი?" - ტელეკომპანია CNN-მა საქართველოს შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. ჟურნალისტი სამიმა უდასი საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ღვინის კულტურასა და ქართულ ტრადიციებზე ათწუთიანი ვიდეორგოლი მოამზადა.  CNN-მა რეპორტაჟი გადაცემა "აბრეშუმის გზა: წარსული, აწმყო და მომავლის" ფარგლებში მოამზადა. ჟურნალისტი თბილისის ძველ ნაწილს სტუმრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქში მრავლად არის წარმოდგენილი ღვინის მაღაზია, ბარი, კაფე და რესტორანი, სადაც ქართული ღვინის დაგემოვნება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. "აქ ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა", - ამბობს ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ საქართველოში ღვინის კულტურა ათასწლეულებს ითვლის, რაზეც არქეოლოგიური აღმოჩენებიც მიუთითებს. თბილისის შემდეგ ჟურნალისტი კახეთის რეგიონს, სოფელ წინანდალს სტუმრობს, სადაც ადგილობრივ მეღვინეებს ხვდება და ყურძნის მოკრეფა-დაწურვის პროცესს ესწრება. სამიმა უდასი აღნიშნავს, რომ საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიციული მეთოდები შენარჩუნებულია.  სამიმა სუდასი მაყურებელს ასევე ქართული სუფრის, თამადისა და სადღეგრძელოს ტრადიციებზე მოუთხრობს.