საქართველო-ნიდერლანდების ბიზნესფორუმში ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა მიიღო მონაწილეობა

ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა საქართველო-ნიდერლანდების ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. ბიზნესფორუმი ჰააგაში, 24 ნოემბერს, საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა და მას ორი ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმის ოფიციალურ ნაწილში მონაწილეებს საქართველოს დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, მიმდინარე და არსებული საინვესტიციო პროექტების, თანადაფინანსების ინსტრუმენტებისა და ექსპორტის შესაძლებლობების შესახებ.

ბიზნესმენებს ასევე საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველო-ევროკავშირის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობების წარმატების ისტორიებსა და ერთობლივი პროექტების მაგალითებს. ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა B2B შეხვედრები, EUGBC-ის ეკონომიკური ფოტო-გამოფენა, ქართული პროდუქციის ესპოზიცია და დასკვნითი მიღება ყველა მონაწილისათვის. ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ჰოლანდიურ კომპანიებთან აქტიურად აგრძელებს მუშაობას მათი საქართველოში კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით დაინტერესებისათვის.