სირიელი ლტოლვილების დახმარების მიზნით, კანადელმა წყვილმა ქორწილი გააუქმა

კანადელმა წყვილმა ქორწილის გადახდაზე უარი თქვა და დაზოგილი თანხით სირიელი ლტოლვილების დახმარება გადაწყვიტა.

სამანტა ჯექსონი და ფარზინ იუსეფიანი დაქორწინებას 2016 წლის მარტში გეგმავდნენ. მათ მდიდრულ ქორწილზე უარი სექტემბერში თქვეს, როცა ინტერნეტსივრცით თურქეთის სანაპიროებთან დაღუპული სამი წლის ბიჭის ამსახველი ფოტოსურათი გავრცელდა. ამ შემზარავი კადრებით აღშფოთულმა წყვილმა ახლობლებს სთხოვა, საქორწინო საჩუქრის ნაცვლად, თანხა ორგანიზაცია Ryerson University Lifeline Syria Challenge-ის საბანკო ანგარიშზე გადაერიცხათ. შემოწირულობამ 17 500 აშშ დოლარი შეადგინა.

გეგმების შეცვლის შემდეგ, სამანტა ჯექსონი და ფარზინ იუსეფიანი რამდენიმე დღის წინ დაქორწინდნენ და მოკრძალებული ქორწილი ტორონტოს მერიის შენობაში გადაიხადეს.