კომერციული ბანკების ოქტომბრის წმინდა მოგებამ 22.2 მლნ ლარი შეადგინა

კომერციული ბანკების ოქტომბრის წმინდა მოგებამ 22.2 მლნ ლარი შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის, 17-საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით.  სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.4 მლრდ ლარით, ანუ 1.6 პროცენტით შემცირდა და 24.4 მლრდ ლარი შეადგინა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 2.0 პროცენტით შემცირდა). საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.4 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.8 პროცენტია.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 79.7 პროცენტი შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, გასული თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. ოქტომბრის თვის წმინდა მოგებამ 22.2 მლნ ლარი შეადგინა. ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში 78.5 პროცენტი შეადგინა.