რა ღირს საქართველოში ზამთრის კურორტებზე დასვენება

საქართველოს ზამთრის კურორტები ახალი სეზონისთვის ემზადებიან. სასტუმროს მენეჯერთა თქმით, წლევანდელი სეზონი გადატვირთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ სასტუმროს ნომრების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია.

bpn.ge დაინტერესდა, თუ რა ღირს დასვენება საქართველოს ზამთრის კურორტებზე.

გუდაურში ერთ-ერთი ძვირად ღირებული სასტუმროა ”მარკო პოლო”, სადაც სტანდარტული ნომრის ფასი 180 დოლარს შეადგენს. სასტუმროს მომსახურებაში შედის ერთჯერადი კვება დილით, საუნა, საცურაო აუზი, ჯაკუზი, ინტერნეტი და ტრენაჟორები. სასტუმროში ამბობენ, რომ ახალი წლის დღეებში ადგილები შეზღუდული იქნება.

გუდაურის საოჯახო სასტუმროებში ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 30 დოლარიდან 130 დოლარამდე მერყეობს. ფასები დამოკიდებულია სერვისის ხარისხზე.

სასტუმრო ”ვერე პალასი” ბაკურიანში ერთ-ერთი ძვირად ღირებული სასტუმროა. სასტუმროში ერთადგილიანი ნომრის ღირებულება 100 დოლარს შეადგენს. ორადგილიანი ნომრის შემთხვევაში კი 150 დოლარის გადახდა მოგიწევთ. სასტუმროს მომსახურებაში შედის სამჯერადი კვება.

ბაკურიანის სასტუმრო ”თრეველ ინნ”-ში ფასები დღეების მიხედვით განსხვავდება. 30 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით 2-ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 220 დოლარს შეადგენს. ამ ფასში შედის სამჯერადი კვება, შვედური მაგიდა და საცურაო აუზი. 4 იანვრიდან 16 იანვრის ჩათვლით ფასები კი 180 დოლარამდე კლებულობს, ხოლო 20 იანვრიდან სტანდარტული ნომრის ფასი 150 დოლარს შეადგენს.

ახალი წლის დღეებში ფასები იზრდება ბაკურიანის საოჯახო სასტუმროებში. როგორც საოჯახო ტიპის სასტუმროში "თეთნულდი" გვითხრეს, ახალი წლის დღეებში ფასები 50 დოლარამდე მატულობს. თუმცა, ამ ფასში შედის  სამჯერადი კვება და ახალ წელს საახალწლო სუფრაც. შობის შემდეგ ფასები 70 ლარამდე მცირდება.

გუდაურსა და ბაკურიანში თითქმის ერთნაირი ფასებია სათხილამურო მომსახურებაზე. საბაგიროზე ერთჯერადი ასვლა 5 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო მთელი დღის განმავლობაში 30 ლარის გადახდა მოგიწევთ. თხილამურების დაქირავება ერთი საათით 30 ლარის ფარგლებში მერყეობს.

თიკო გურაშვილი