"ელიტ-ელექტრონიქსსა" და "ჰიტაჩი" ჯგუფს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

"ელიტ-ელექტრონიქსსა" და იაპონურ "ჰიტაჩი" ჯგუფს შორის ექსკლუზიური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. თბილისში, ქავთარაძეზე "ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიაში აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების შესახებ მხარეებმა ოფიციალურად განაცხადეს.  ღონისძიებას "ელიტ-ელექტრონიქსის" გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა და ახლო აღმოსავლეთში "ჰიტაჩის" გაყიდვების მმართველი დირექტორი ჰიდენორი ძენ და სხვა პირები ესწრებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებს "ელიტ-ელექტრონიქსის" გენერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ განუცხადა, ხელი მოეწერა "ჰიტაჩთან" ექსკლუზიურ კონტრაქტს და ეს ნიშნავს, რომ "ჰიტაჩის" პარტნიორი საქართველოში გახდა "ელიტ-ელექტრონიქსი". მისივე თქმით, "ჰიტაჩის" პროდუქცია მხოლოდ ოფიციალურად "ელიტ-ელექტრონიქსის" გარანტიით გავრცელდება. "მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები დაცული იქნებიან გაყიდვების შემდეგ მომსახურებით, შესაბამისად, ჩვენი სერვის-ცენტრი ჰიტაჩის მიერ ავტორიზებულია, როგორც ოფიციალური სერვის-ცენტრი და გავრცელდება მასზე გარანტია", - აღნიშნა ლადო ჯობავამ.

იაპონური კომპანიის წარმომადგენლის ჰიდენორი ძენის განცხადებით კი, "ელიტ-ელექტრონიქსში" წარმოდგენილი იქნება "ჰიტაჩის" მაცივრების სრული ხაზი და ყველა სიახლე. მისივე თქმით, "ელიტ-ელექტრონიქსის" მაღაზიაში წარმოდგენილი მაცივრები გაციების სპეციალური სისტემით გამოირჩევა და ელექტროენერგიის მოხმარების ეკონომიურობით.  როგორც კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსში" აცხადებენ, მათი კომპანია საქართველოს ტექნიკის ბაზარზე ლიდერია და სწორედ ამ კრიტერიუმით შეარჩია ექსკლუზიურ პარტნიორად იაპონურმა კომპანია "ჰიტაჩიმ". დღეისთვის "ელიტ-ელექტრონიქსი" ფლობს 19 საცალო მაღაზიას და თერთმეტ ფრანჩიზებს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია "ელიტ-ელექტრონიქსი" საქართველოში უკვე 19 წელია ფუნქციონირებს და ტექნიკის ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.  კომპანიაში აცხადებენ, რომ "ჰიტაჩის" ტექნიკა ფინანსურად დაბალ და საშუალო შეძლების მომხმარებლისთვის იქნება გათვლილი.