"გალტ & თაგარტმა" "საქსო ბანკთან" ერთად მომხმარებელს ონლაინტრეიდინგის პლატფორმა შესთავაზა

სააქციო საზოგადოება "გალტ & თაგარტმა" დღეს ონლაინტრეიდინგის პლატფორმა, G&T TRADER-ი ("ჯითი ტრეიდერი") წარადგინა. აღნიშნული პლატფორმა "გალტ & თაგარტსა" და Saxo Bank-ს ("საქსო ბანკი") შორის საქართველოში ე.წ. White Labeling-ის ექსკლუზიური პარტნიორობის შედეგად შეიქმნა, რომელიც რეგიონში ამგვარი თანამშრომლობის პირველი შემთხვევაა.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, კომპანია "გალტ & თაგარტი" საქმიან ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, G&T TRADER-ის პლატფორმით აღმოაჩინონ საკუთარ თავში ტრეიდერი და ჰქონდეთ წვდომა გლობალურ ფინანსურ ბაზრებთან. "გალტ & თაგარტის" კლიენტები სწორედ G&T TRADER-ის საშუალებით, ყოველგვარი ფიზიკური შუამავლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელებენ გლობალურ ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციებს და ივაჭრებენ წამყვანი კორპორაციების ფასიანი ქაღალდებით. G&T TRADER-ი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ლეპტოპის, პლანშეტის ან სმარტფონის საშუალებით ონლაინრეჟიმში მართოს საკუთარი ანგარიშები. G&T TRADER-ის საშუალებით მომხმარებელი ივაჭრებს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტებით: აქციები, ობლიგაციები, FOREX, CFD, ფიუჩერსები, ოფციონები.

G&T TRADER-ით სარგებლობისათვის კლიენტს საბროკერო ანგარიშის გახსნა შეუძლია, როგორც "გალტ & თაგარტში", ასევე SOLO ლაუნჯში, SOLO და პირადი ბანკირების მეშვეობით. დამატებით, ბანკირები მომხმარებელს საბროკერო ანგარიშის გახსნასთან ერთად, კონსულტაციას გაუწევენ G&T TRADER პლათფორმით სარგებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, "საქართველოს ბანკის" დაგროვილი ქონების მართვის და SOLO მომხმარებელს, შესაძლებლობა აქვს ბანკირის მეშვეობით მართოს, როგორც საბანკო, ასევე საბროკერო ანგარიშები და აქტივები. "გალტ & თაგარტი" მსურველ კლიენტს საშუალებას აძლევს, ისარგებლოს ერთთვიანი უფასო დემო ანგარიშით და საკუთარ თავზე გამოსცადოს G&T TRADER პლატფორმის შესაძლებლობები.  სრული ინფორმაციისთვის G&T TRADER-ის შესახებ, ასევე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ: www.trader.ge.