რუსეთის მოსახლეობას თურქული ტანსაცმლის ყიდვისგან თავშეკავებას სთხოვენ

რუსეთის ქსოვილის მწარმოებელთა ასოციაციას ქვეყნის მოსახლეობას სთხოვს, თავი შეიკავონ თურქული წარმოების ტანსაცმლის ყიდვისგან.

ასოციაციის პრეზიდენტი შამხალ ილდაროვი ასევე გამოდის ინიციატივით, სანქციები დაუწესდეს თურქეთიდან ქსოვილისა და მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის რუსეთის ტერიტორიაზე შეტანას.

„თურქეთიდან იმპორტი დღეს 7 მილიარდ დოლარს აღწევს. მარტივი არითმეტიკაც კმარა იმის გამოსაანგარიშებლად, რომ ამ თანხიდან 2,5 მილიარდი თურქეთის მოქალაქეების ჯიბეში მიდის, დაახლოებით 400 მილიონი კი ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით“, - განაცხადა შამხალ ილდაროვმა.

მისივე თქმით, მაშინ, როცა რუსული მრეწველობა დახმარებას საჭიროებს, ხალხი კი სამსახურს, თურქეთის მოსახლეობაზე ფიქრი არ ღირს.

მსგავსი სახის მოწოდებები რუსეთში მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსული სამხედრო თვითმფრინავი „სუ 24“ თურქეთის სამხედრო ძალებმა თურქეთ-სირიის საზღვარზე თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჩამოაგდეს.