1 იანვრიდან  სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გაზრდაზე გადაწყვეტილებას პარლამენტში დღეს მიიღებენ

პარლამენტი სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის საკითხზე მსჯელობს. ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობაში მთავრობის ინიციატივით დაგეგმილ ცვლილებებს დაჩქარებული წესით იხილავენ.

კანონპროექტი ითვალისწინებს 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდას: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით. ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე იზრდება.

გარდა ამისა, 2016 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილია - ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვინის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთის - 10 ლარამდე გაზრდა.

კანონპროექტის მიღება 2016 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 90 მლნ ლარით ზრდის. მთავრობა პროექტის ინიცირებას თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებას, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ხსნის. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ აქციზის განაკვეთის გაზრდა, თამბაქოზე დამოკიდებულებასა და მისი რეალიზაციის მოცულებას შეამცირებს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი ყურადღებას ამ გზით 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეს იმ მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც შეუწყობს ხელს, რაც პენსიების მომატებას უკავშირდება.

საპარლამენტო ოპოზიცია სიგარეტსა და ალკოჰოლზე აქციზის ზრდას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ ეს არცერთ შემთხვევაში არ გამოიწვევს იმას, რომ ხალხი სიგარეტის მოწევას, ან ალკოჰოლის მიღებას თავს დაანებებს. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, ეს დამატებითი ტვირთი და პრობლემა იქნება როგორც რიგითი მომხმარებლისთვის, ასევე ბაზრისთვის. მათივე თქმით, არ შეიძლება ბიუჯეტი რიგითი მოქალაქის ჯიბიდან ამოღებული ფულით იზრდებოდეს.

"ეს განაპირობებს ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირებას, რადგან თუკი ხარისხიანი სასმელი გაძვირდება, მწარმოებელი აუცილებლად მიჰყოფს ხელს იმას, რომ ბაზარზე მდარე ხარისხის სასმელი გამოუშვას. თუკი ადამიანების ჯანმრთელობაზე ვზრუნავთ, ეს შედეგის თვალსაზრისით უარესი იქნება. რაც შეეხება სიგარეტს, მწეველი მისი გაძვირების გამო მოწევას თავს არ დაანებებს. აქაც შედეგად მივიღებთ იმას, რომ დაარტყამს ბიზნესს. თუკი ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიგარეტის მოხმარების შემცირებაზე ვსაუბრობთ, შეიძლება მოწევა აიკრძალოს შენობებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კამპანიური ხასიათი მიეცეს სიგარეტის ანტირეკლამას და ასე შემდეგ. აქციზის გაძვირება მხოლოდ იმას გამოიწვევს, რომ შემოვა კონტრაბანდა და ქართულ ბაზარზე უფრო მდარე ხარისხის თამბაქო შემოვა", - აცხადებენ საპარლამენტო უმცირესობის წევრები.

საკითხზე გადაწყვეტილებას პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით მიიღებს.

ნათია ინაური