"2016 წელს დოლარის კურსი შესუსტდება და ლარი გამყარებას დაიწყებს"

საქართველოს ვალუტის ფასი შესუსტდა რეგიონული ფაქტორების გამო, მთელს რეგიონში ასეა, - ამის შესახებ "საქსო ბანკის" (SAXO BANK) მთავარმა ეკონომისტმა სტინ იაკობსენმა ჟურნალისტებს განუცხადა.  მისივე თქმით, 2016 წელს დოლარის კურსი შესუსტდება და ლარი გამყარებას დაიწყებს. "საქსობანკი" ვარაუდობს, რომ ლარი 10%-ით გამყარდება. ამის ძირითადი მიზეზი ის იქნება, რომ ამერიკული დოლარი შეწყვეტს გამყარებას.

"აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება, რომ დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების მონეტარულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი - ღირებულება და ფასი. ფასი, რასაც იხდი, ღირებულება, რასაც იღებ და ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ლარი საუკეთესო ვარიანტია. მეტი ინვესტიცია იქნება "სილქ როუდის" ინფრასტრუქტურაში ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად. ამდენად, საუკეთესო მაკროეკონომიკური განვითარება, რასაც 30 ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავაკვირდი, არის საქართველოს შემთხვევაში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2016 წელს ლარი 10%-ით უნდა გამყარდეს", - განაცხადა სტინ იაკობსენმა.

მისივე თქმით, უზარმაზარი დეფიციტის მიუხედავად, პოზიტიური ტენდენციები უნდა დაიწყოს.  "ალბათ ბევრი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლარს დიდი შესაძლებლობები გააჩნია კურსის გამყარების თვალსაზრისით. მაღალპროდუქტიულობის წყალობით, ასევე ჰიდროენერგეტიკული და სხვა პროექტების საშუალებით, ლარის 10%-იანი გამყარება უნდა იყოს აბსოლუტურად რეალური", – განაცხადა სტინ იაკობსენმა.

აღნიშნული განცხადება მან მედიასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც "გალტ&თაგარტმა" და "საქსო ბანკმა" ონლაინ პლატფორმა GT TRADER წარადგინეს.