"რუსთავის წყლის" აბონენტთა ნაწილისთვის წყალი გაიაფდა

კომპანია "რუსთავის წყლის" მრიცხველის არმქონე აბონენტებს, ასევე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს წყლის ტარიფი შეუმცირდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.  რაც შეეხება "რუსთავის წყლის" გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მათთვის წყლის ტარიფი დარჩა უცვლელი და ერთ კუბურ მეტრზე ისევ 0.405 თეთრს შეადგენს.  რაც შეეხება სემეკ-ის მიერ დღეს დამტკიცებულ ახალ შემცირებულ ტარიფებს, მრიცხველის არმქონე აბონენტები ერთ სულზე სამი ლარის ნაცვლად 2.070 ლარს გადაიხდიან, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლები 3.500 ლარის ნაცვლად 2.695 ლარს გადაიხდიან.  რაც შეეხება კომპანია "რუსთავის წყლის" მოთხოვნას, კომპანია მრიცხველის არ მქონე აბონენტებისთვის ტარიფის 14 თეთრით, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 90 თეთრით მომატებას ითხოვდა, თუმცა კომპანიის მოთხოვნა სემეკ-ის მიერ არ დაკმაყოფილდა. სემეკ-ის სხდომა კომპანიის წარმომადგენელმა უკომენტაროდ დატოვა.

სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფები 2016 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.  "რუსთავის წყალი", "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" და ,,მცხეთის წყალთან" ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს გარდაბანში, 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს. მიმდინარე წლის 20 მაისს კომპანია "მცხეთის წყლის" მიმართვის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, მცხეთაში მრიცხველის მქონე აბონენტებს წყლის გადასახადი გაუორმაგდათ. თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც", თუმცა სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვალა.