რუსეთ-თურქეთის კონფლიქტი საქართველოს ეკონომიკას შეარყევს

რუსეთ-თურქეთს შორის სიტუაციის ესკალაცია საქართველოს ეკონომიკაზე საკმაოდ ნეგატიურ გავლენას მოახდენს. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკოსებმა სიტუაციის დარეგულირება ვერ შეძლეს, ეს საქართველოდან ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს, ასევე დაიკლებს იმპორტის მაჩვენებელიც. გარდა ამისა, მინიმუმამდე შემცირდება რუსეთიდან ფულადი ტრანზაქციების რაოდენობა, რაც ქართული ეკონომიკისა და ლარისთვის მძიმე შედეგს მოიტანს. ცნობისათვის, თურქეთმა სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენი ორი დღის წინათ ჩამოაგდო. თურქული მხარე ირწმუნება, რომ ბომბდამშენი მათი საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩამოაგდეს, რუსები კი აცხადებენ, რომ თვითმფრინავს თურქეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული ფაქტი სერიოზულ შედეგს მოიტანს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისთვის.

როგორც თურქეთში, ასევე რუსეთში პოლიტიკოსთა ნაწილი უკვე დიპლომატიურ-ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტაზე ალაპარაკდა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი მხრივ ანკარა, მეორე მხრივ კი მოსკოვი, ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მოსკოვმა თურქეთიდან საკუთარი მოქალაქე ტურისტები გამოიყვანა და ერთობლივი თურქულ-რუსული ბიზნესპროექტებიც შეაჩერა. პარალელურად კიდევ უფრო დაიძაბა რუსულ-უკრაინული ეკონომიკური ურთიერთობა. ანტირუსულად განწყობილმა ადამიანებმა რუსეთის მიერ შემოერთებულ ყირიმს ელექტროენერგია გაუთიშა. გუშინ კი "გაზპრომმა" უკრაინაში გაზის ექსპორტი შეაჩერა. ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი უკრაინული "ნაფტოგაზის" მხრიდან წინასწარ გადახდაზე უარის თქმა გახდა. "გაზპრომის" ხელმძღვანელი ალექსეი მილერი ამბობს, რომ "ნაფტოგაზის" მიერ ადრე შეტანილი თანხა ამოიწურა. "უკვე ახლა, სერიოზული სიცივის დადგომამდე, უკრაინამ მიწისქვეშა საცავებიდან გაზის გამოტანა დაიწყო, ისინი კი საკმარისად შევსებული ისედაც არ არის", - განაცხადა მილერმა. გაზის მიწისქვეშა საცავების ევროპული ოპერატორების ასოციაციის ცნობით, უკრაინის საცავებიდან გაზის ამოტუმბვა 30 ოქტომბერს დაიწყო. მანამდე კი, 25 სექტემბერს, რუსეთის მთავრობამ უკრაინისთვის გაზის მიყიდვის საბოლოო ფასი დაადგინა- 1000 კბ/მ-ზე 227,4 დოლარი.

რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა აშკარაა, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.

სპეციალისტების აზრით, იმ შემთხვევაში, თუკი მოსკოვსა და ანკარას შორის სიტუაციის ესკალაცია მოხდა, ეს საქართველოდან ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს. ასევე მინიმუმამდე დაიყვანს რუსეთიდან ფულადი ტრანზაქციის მაჩვენებელს. თურქეთიც და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის 10 თვეში საქართველოში თურქეთიდან შემოვიდან 1 085 783.9 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც საერთო იმპორტის დაახლოებით 17,3%-ს შეადგენს; საქართველოდან კი ექსპორტზე გავიდა - 160 480.9 ათასი დოლარის პროდუქცია, ეს კი საერთო ექსპორტის 8,8%-ია. საქართველო-თურქეთს შორის საერთო სავაჭრო ბრუნვამ მთლიანი მოცულობის 15,3% შეადგინა.

რაც შეეხება რუსეთს, 10 თვის მონაცემებით, ამ ქვეყნიდან საქართველოში იმპორტირებულია 467 593.8 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც მთლიანი იმპორტის 7,4%-ს შეადგენს, ექსპორტზე კი გავიდა - 126 391.5 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი. ეს კი მთლიანი ექსპორტის 6,9%-ია. საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სტაბილურობაზე დიდ გავლენას ახდენს უცხოეთიდან ფულადი გზავნილები, რომლებსაც ძირითადად ქართველი ემიგრანტები ურიცხავენ საქართველოში მცხოვრებ თავიანთი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. 2015 წლის 10 თვეში რუსეთიდან შემოვიდა 359 მილიონი დოლარი, რაც მთელი გადარიცხვების დაახლოებით 40%-ია, ხოლო, თურქეთიდან - 58 მილიონი დოლარი, რაც მთელი გადარიცხვების დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

"როგორც ვხედავთ, თურქეთიც და რუსეთიც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან და თუ ამ ქვეყნებში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, ეს აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. სამწუხაროდ, რუსეთსა და თურქეთს შორის მოვლენების შემდგომ ესკალაციას ექნება უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - დიდი ალბათობით, შემცირდება ეკონომიკური ზრდა, გაიზრდება სიღარიბის დონე და საფრთხის წინაშე დადგება მაკროეკონომიკური სტაბილურობა. აუცილებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, სადაც გაწერილი იქნება ის ღონისძიებები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელს გახდის ამ უარყოფითი გავლენის მაქსიმალურად შემცირებას", - წერს ეკონომისტი თემურ ბასილია "ფეისბუქის" გვერდზე.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ორ ქვეყანას შორის სიტუაციის ესკალაცია მოხდა, ის არა მარტო თურქეთ-რუსეთის, არამედ საქართველოს ეკონომიკაზეც მკვეთრ ნეგატიურ გავლენას იქონიებს. "შეიძლება უშუალოდ, საქართველოს ამ ეტაპზე არ ემუქრება სამხედრო აგრესიის საფრთხე, მაგრამ, როდესაც დიდი მეგობრები ჩხუბობენ ან კიდევ დაპირისპირებისთვის ემზადებიან, იქ მომეტებული საფრთხე და რისკი მუდმივად არსებობს. გვახსოვს ანდაზა, "ორ მოჩხუბარ აქლემს შორის კოზაკი გაიჭყლიტაო". ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით. ისინი უშუალოდ მეზობლები არიან და თანაც საქართველოს მხსვილ სავაჭრო პარტნიორებად ითვლებიან. რა თქმა უნდა, მათ შორის სიტუაციის დაძაბვა და ესკლაცია უარყოფით გავლენას მოხადენს ჩვენ ქვეყანაზე. თურქეთიდან ჩვენ თითქმის 1,5 მლრდ-ზე მეტი სავაჭრო ბრუნვა გვაქვს და ამიტომ მისი ეკონომიკის კოლაფსურ მდგომარეობამდე მიყვანა არავის აწყობს, არც საქართველოში და არც თურქეთში. მეორე მხრივ, რუსეთში ჩვენი ძალიან ბევრი თანამემამულე ცხოვრობს და სიტუაციის არევის შემთხვევაში, მათი ფულადი ტრანზაქცია მინიმუმამდე შემცირდება. ყველა ფაქტორის მიხედვით, ჩვენ მომატებული რისკის ზონაში ვიმყოფებით. თუ არეულობა მოხდა, ეს პირდაპირ დაარტყამს საქართველოს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ ფინანსურ სტაბილურობასაც. ამის შემდეგ კი ერთი ნაბიჯი რჩება სოციალურ უკმაყოფილებამდე", - განაცხადა სოსო არჩვაძემ. რუსეთი და თურქეთი ეკონომიკურად იმდენად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულნი, რომ ესკალაცია მომგებიანი არავისთვის იქნება: "ამ ეკონომიკური ურთიერთობის მყისიერი ჩაჭრა არავის აძლევს ხელს", - ამბობს არჩვაძე.

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე კი მიიჩნევს, რომ თუ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა, ეს არა მარტო ეკონომიკურად, არამდე პოლიტიკურადაც მძიმედ აისახება საქართველოზე. "თუკი რუსეთ-თურქეთს შორის ვითარება უკიდურესად გამწვავდა, ეს კიდევ უფრო შეამცირებს საქართველოს მწირ ექსპორტს, ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად დაიკლებს, რაც ცხადია, მთლიანად ეკონომიკაზე მძიმედ აისახება. ჩვენ უნდა ვისაუბროთ უსაფრთხოებაზე და იმ რისკზე, რომელიც რეგიონში დაძაბულობის გამო იზრდება. ახლა სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდება და თანაც განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან დაპირისპირება საკმაოდ სერიოზული ხდება", - განაცხადა დემურ გიორხელიძემ "რეზონანსთან" საუბრისას.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"