ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, მესაკუთრეებს 2 მლნ ლარამდე ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე დაუბრუნდათ

მთავარი პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, პროკურატურაში შექმნილი ახალი დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, კანონიერ მესაკუთრეებს დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეული ქონება უკვე დაუბრუნდათ.

როგორც შოთაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, კანონიერ მფლობელებს ამ დროისთვის უკან 26 ავტომობილი, 2 მიწის ნაკვეთი და ოქროს ნაკეთობები დაუბრუნდათ. "დაზარალებულად ცნობილია 24 მოქალაქე, რომელთაც პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს და მთავრობის მიერ დაუბრუნდათ უკანონოდ ჩამორთმეული და მათ კანონიერ საკუთრებაში არსებული 26 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი და ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ლარამდეა. ასევე დაბრუნების პროცესშია, თელავში მდებარე რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების აკურას ღვინის ქარხანა", - განაცხადა შოთაძემ.

მისივე განმარტებით, დაგეგმილია ახალი დეპარტამენტის კიდევ უფრო გაძლიერება. "პროცესი, რომელიც პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო და რომელიც უკავშირდება მოქალაქეებისთვის იძულებით ჩამორთმეული ქონების უკან დაბრუნებას, აქტიურად მიმდინარეობს და მას ექნება შეუქცევადი ხასიათი. გვესმის, რომ ბევრი მოქალაქე, რომელმაც მოგვმართა, შეიძლება უკმაყოფილო იყოს ახალი დეპარტამენტის მუშაობის ტემპით, თუმცა ყველამ უნდა გავიაზროთ ის ფაქტი, რომ თითოეული განცხადება-საჩივრის ირგვლივ მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესი, გამოძიება, რომლითაც უნდა დადგინდეს გამოთქმულ პრეტენზიებში დანაშაულის არსებობა-არარსებობა. მოსაგროვებელია შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისად, ეს მოითხოვს დროს. თუმცა პროკურატურა ამ მიმართულები გეგმავს მუშაობის გაძლიერებას და ვპირდებით დაზარალებულებს, რომ თითოეულ საჩივარ-განცხადებაზე მოხდება ეფექტური რეაგირება", - აღნიშნა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა.

ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ახალ დეპარტამენტში ამ დროისთვის 700-მდე განცხადებაა შესული, რომელიც ქონების ჩამორთმევის ფაქტებს ეხება და 4 ათასამდე განცხადება, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, მათ შორის ძალადობის ფაქტებს უკავშირდება.