სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და SIGMA-ს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ, სასტუმრო "რედისონში", სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და SIGMA-ს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.  შეხვედრაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების თანახმად AA/DCFTA ვალდებულებების განსახორციელებლად შექმნილი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაც გაიმართა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გეგმის შესრულება საქართველოს კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან.

"შეხვედრა იმ სიახლეებს ეხება, რაც 2014 და 2015 წლების მანძილზე განხორციელდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. ჩვენ შეგვიძლია გარდატეხის წლები ვუწოდოთ ამ პერიოდს, რადგანაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. დღეს ჩვენ ასევე მსხვილ შემსყიდველ ორგანიზაციებს ვაუწყებთ, რომ ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების 7-წლიან გეგმას წარმოვადგენთ სააგენტოს განვითარებისთვის. ამ გეგმის შესრულებით მოვხვდებით ევროპულ დიდ ოჯახში - ევროკავშირში", - განაცხადა ლევან რაზმაძემ.

SIGMA-ს ექსპერტის დენიელ ივარსონის განცხადებით, საქართველომ შესყიდვების რეფორმის კუთხით საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადადგა.  "საქართველო არის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, რომ ევროკავშირთან დაიდო ასოცირების ხელშეკრულება. ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი თავი სახელმწიფო შესყიდვებს ეხება. მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვების გამართულად მუშაობა, რადგან ერთი მხრივ, სახელმწიფომ სწორად დახარჯოს ფული, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებმა მიიღონ სერვისები, რაშიც ისინი ფულს იხდიან. გარდა ამისა, შესყიდვები მნიშვნელოვანია ბიზნეს ასოციაციებისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. საქართველომ შესყიდვების განვითარების კუთხით საკმაოდ ბევრი ნაბიჯი გადადგა და იმედი მაქვს, ეს განვითარება სამომავლოდაც გაგრძელდება", - განაცხადა დენიელ ივარსონმა.

ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია ბეგოშვილიც ესწრებოდა. მისი თქმით, სახელმწიფოს ყველა უწყება ჩართულია საკუთარი ვალდებულების შესაბამისად აღნიშნულ პროექტში, რაც სისტემის გამართულ მუშაობას ხელს უწყობს.