თურქულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და სურსათზე რუსეთი დამატებით შემოწმებას დააწესებს

"როსსელხოზნადზორი" თურქულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და სურსათზე დამატებით შემოწმებას დააწესებს, ასევე გააძლიერებს კონტროლს თურქეთიდან საქონლის მიწოდებაზე. როგორც რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო იტყობინება, შესაბამისი განკარგულება რუსეთის მთავრობამ გასცა. სამინისტროს ცნობით, დამატებითი შემოწმება დაწესდება არა მხოლოდ რუსეთის საზღვარზე, არამედ სამეწარმეო ობიექტებზე, უშუალოდ თურქეთში. "რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვითარება გააანალიზა და შეატყობინა რუსეთის მთავრობას, რომ, სამწუხაროდ, თურქული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საშუალოდ 15% ნორმებს არ შეესაბამება", - განაცხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩევმა, რომლის ინფორმაციითაც, მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქულ პროდუქციაში მავნე ნივთიერებათა გამოვლენის 40-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

რუსული სააგენტო "როსბალტი" აღნიშნავს, რომ ამჟამად გაძლიერებული ლაბორატორული კონტროლის რეჟიმი ორ თურქულ საწარმოსთან მიმართებაში მოქმედებს, კიდევ 6 საწარმოზე დროებითი შეზღუდვების რეჟიმი დაწესდა.  "როსბალტი" წერს, რომ 2014 წელს რუსეთ-თურქეთს შორის საქონელბრუნვის მოცულობამ 31 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის პირველი ცხრა თვეში კი - 18,1 მილიარდი აშშ დოლარი.