"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონისთვის ემზადება

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით მაღალმთიან რეგიონებში პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს.  "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინფორმაციით, 2015 წლის დასაწყისში კომპანიას საკუთრებაში გადაეცა სვანეთის ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროსისტემის ბალანსზე გადაცემის სტადიაშია სვანეთის სხვა ობიექტებიც: 110/35/10 კვ-იანი ქვესადგური "იფარი", 35 კვ-იანი ქვესადურები - "თეთნულდი" და "ლალხორი". პროექტებისა და ექსპლოატაციის დეპარტამენტებმა ელექტროგადამცემ ხაზებსა და ქვესადგურებში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს; განისაზღვრა ამოცანები ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად და ეტაპობრივი გეგმის სახით გაიწერა მათი აღმოფხვრის ვადები.

განხორციელდა პირველი ეტაპისთვის დაგეგმილი - სვანეთის რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზების ზამთრისთვის მომზადების სამუშაოები, რაც დაახლოებით 200-მდე ანძის გამაგრებას, ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონებში მწვანე ნარგავების ფორმირებას და სადენების მოჭიმვას მოიცავდა. ამ ეტაპზე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სვანეთის ძირითად კვების წყაროზე, 35 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზზე - "ხუდონი" მწვანე ნარგავების ფორმირების სამუშაოები. გარდა ამისა, თეთნულდის კურორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, კურორტის უსაფრთხო და საიმედო ენერგომომარაგებისთვის აუცილებელი გახდა მიწისქვეშა სარეზერვო ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობა.

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა ბეშუმის ელექტროგადამცემ ხაზსა და ქვესადგურში. კურორტთან მისასვლელი გზა ექვსი თვის განმავლობაში იკეტება და რეგიონი ფაქტობრივად იზოლირებულია, ამიტომ პროფილაქტიკური სამუშაოები ქვესადგურში "ბეშუმი-220" და ელექტროგადამცემ ხაზებზე წინასწარ, გზის ჩაკეტვამდე ჩატარდა. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" მაქსიმალური რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, ზამთრის სეზონის ენერგომომარაგება მაღალმთიანი რეგიონებისთვის უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს.