შვეიცარიაში  მუსლიმური ტანისამოსის ტარებისთვის ჯარიმა დაწესდა

შვეიცარიის ერთ-ერთ კანტონში მუსლიმური ტანისამოსის, ფარანჯის ტარებისთვის ჯარიმა დაწესდა. ტიჩინოს კანტონის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფარანჯის ტარება აიკრძალა. დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ფულადი ჯარიმა 65-დან 6 500 ევრომდე დაწესდება. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, იკრძალება ფარანჯის ტარება ქუჩაში, კინოთეატრებში, სკოლებში, მაღაზიებში და სხვა საჯარო ადგილებში. „დეილი მეილი“ წერს, რომ გამონაკლისი შესაძლოა, მხოლოდ ტურისტებისთვის დაუშვან, რომლებსაც ახალი კანონის შესახებ ინფორმაცია არა აქვთ.

ტიჩინოს მუნიციპალიტეტმა ფარანჯის ტარებისთვის ჯარიმის დაწესება 2013 წლის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე გადაწყვიტა. ამ შედეგების თანახმად, კონსტიტუციაში ჩამატებულია პუნქტი საჯარო ადგილებსა და ქუჩაში სახის დაფარვის აკრძალვის შესახებ. ჯარიმა მხოლოდ მათ დაეკისრებათ, ვინც სახეს მთლიანად დამალავს. შესაბამისად, ახალი ზომა არ შეეხება მუსლიმებს, რომლებიც ჰიჯაბს, ანუ ისეთ თავსაბურავს ატარებენ, რომელიც მხოლოდ თავსა და მხრებს ფარავს.