არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ "ყაზბეგზე" არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ალკოჰოლური სასმელის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი 24 ნოემბერს საბაჟო გამშვები პუნქტის, "ყაზბეგის", მებაჟე ოფიცრებმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსულ ავტობუსში გამოავლინეს. მათივე ინფორმაციით, ავტობუსს სომხეთის მოქალაქე გ.ჰ. მართავდა.

"ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: არაყი BELUGA FINEST – 12 ბოთლი (0,5 ლ.); არაყი BELUGA TRANSATLANTIC -12 ბოთლი (0,5 ლ.); კონიაკი HENNESSY X.O – 15 ბოთლი (0,5 ლ.); არაყი NEFT – 12 ბოთლი (0,7 ლ.) – აღმოაჩინეს"- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს გადაეცა.