პროგრამას - "აწარმოე საქართველოში", რამდენიმე ახალი კომპონენტი ემატება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ქეთევან ბოჭორიშვილის ინფორმაციით, პროგრამას - "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე ახალი კომპონენტი ემატება. როგორც ბოჭორიშვილმა განაცხადა, პროგრამის ფარგლებში მოხდება სასტუმროების ხელშეწყობა. ამავე პროგრამის ფარგლებში იგეგმება საქართველოს კინო ინდუსტრიის ცენტრად გადაქცევა. "აწარმოე საქართველოში" პროექტი გრძელდება. შემდეგი ორი ახალი კომპონენტი, რომელსაც ვაანონსებთ, არის სასტუმროების ხელშეწყობა მთელ საქართველოში. აქ არ იგულისხმება თბილისი და ბათუმი. ამავე დროს, მეწარმეებს დავეხმარებით სესხის თანადაფინანსებასა და თანამონაწილეობაში. კიდევ ერთი ახალი კომპონენტი არის საქართველოს კინო ინდუსტრიის ცენტრად გადაქცევა, ანუ საქართველო გამოიყენონ უცხოელმა კინომწარმოებლებმა, როგორც გადასაღები მოედანი. ეს პროექტი შემუშავების ბოლო ეტაპზეა და უახლოეს მომავალში მთავრობაზე გავა", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ასევე აქტიურად მიმდინარეობს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი. "ამ კომპონენტის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით მეწარმეებს ორი ინსტრუმენტით – კონსულტაციებით და თანამონაწილეობრივი გრანტით, რომელიც ერთი მეწარმის შემთხვევაში არის 5 000 ლარი, სამი მეწარმის შემთხვევაში კი 15 000 ლარი. ეს პროექტი უკვე ხორციელდება. ჩვენ ვამთავრებთ პირველ ეტაპს, გამოვლინდება გამარჯვებული მეწარმეები და მოხდება თანხების ათვისება. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ დაახლოებით 6000 მეწარმეს გადავამზადებთ და ხელს შევუწყობთ 3000 პროექტს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ისარგებლა 123 კომპანიამ.  "აქედან ნახევარი დაახლოებით მოდის თბილისის, ხოლო ნახევარი საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. თითქმის ყველა რეგიონში შეიქმნა 2-3 საწარმო. აქედან გამომდინარე თანაბრად არის რეგიონები გადანაწილებული", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ახალი კომპონენტების დამატებაზე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. "ჩვენ ვაპირებთ, რომ დამატებითი კომპონენტები წარვუდგინოთ საზოგადოებას, იმიტომ, რომ წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება, რომ ადგილობრივი მუშა-ხელი დასაქმდეს და წარმოება განვითარდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.