საქართველო-ჩინეთის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი ხორციელდება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ და ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორმა, კახაბერ გუგეშაშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ შულავერში ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მშენებარე სადემონსტრაციო სათბურები დაათვალიერეს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სათბურები ხუთ ჰექტრამდე მიწის ფართობზე მდებარეობს. მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება.  უწყების ინფორმაციით, საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მზის სათბურები, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები აშენდება. მოეწყობა ორი ტიპის სადემონსტრაციო ფართობი ბოსტნეულის წარმოებისათვის. ქართველი ფერმერები და ტექნიკოსები ბოსტნეულის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ ტრენინგებს ჩინეთში გაივლიან.  პროექტი დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ და მისი ჯამური ღირებულება 20 მილიონ იუანს (RMB) შეადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს. ,,ეს არის მორიგი გრანტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისგან. ჩინური მხარე 3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების პროექტს ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება. ახალი ტექნოლოგიებით აშენებულ და აღჭურვილ სათბურს სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულებაც ექნება. აქ მოხდება ფერმერების გადამზადება, ჩატარდება ტრენინგები, რათა ეს ახალი ტექნოლოგიები მთელი საქართველოს მასშტაბით დაინერგოს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის კოორდინატორმა, სენ ჰოუმ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა. "მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რადგან პროექტის ფარგლებში ბევრ საკითხში გვიჭერს მხარს. მოხარული ვარ, რომ ადგილზე გავეცანი პროექტის მიმდინარეობას, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ჩინეთის მთავრობას აღნიშნული პროექტის წარმატებით დასრულების მოლოდინი აქვს. გვსურს ქართველ ფერმერებს მეტი შესაძლებლობა მიეცეთ ცოდნის ამაღლების და თანამედროვე ტექნოლოგიებით ბოსტნეული კულტურების მოყვანის შესწავლის კუთხით", - აღნიშნა ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის კოორდინატორმა, სენ ჰოუმ.

სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის მიმდინარეობას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოსა და ჩინეთს შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმებული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.