ქართულ სოფლებს ახალგაზრდები სჭირდება და სტრატეგიაც მათი დაბრუნება უნდა იყოს

როგორი უნდა იყოს ქართული სოფლის განვითარების კონცეფცია, ამაზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (ფაო) ერთად მუშაობს. ძირითადი პოსტულატები ამ წლის ბოლომდე შემუშავდება და მათზე დაყრდნობით სტრატეგია მომავალ წელს დაიწერება. საუკეთესო მოდელად ამ ეტაპზე ექსპერტებს სლოვენია ესახებათ, რომელმაც სულ ახლახან გაიარა ის გზა, რომელიც საქართველოსთვისაც ოპტიმალური ჩანს, – გზა დაქუცმაცებული წვრილი აგრო-მეურნეობებიდან ევროპული ყაიდის კონსოლიდირებულ მეურნეობებამდე; თანაც სლოვენიაში სახეზეა მოსახლეობის ქალაქებიდან სოფლად მიგრაცია – ის, რაც საქართველოსაც ძალიან ჭირდება.

ამ მოდელის შესასწავლად საქართველოს სოფლის მეურნეობის დელეგაცია ფაოს ორგანიზებით სლოვენიაში ნოემბრის დასაწყისში იმყოფებოდა და უკან კონკრეტული იდეებით დაბრუნდა. ”ძალიან მოგვეწონა სოფლად ახალგაზრდების ხელშეწყობის პრაქტიკა, რაც ერთი მხრივ სუბსიდირებით გამოიხატება და, მეორე მხრივ, აგრო-პროექტებში მათი პრიორიტეტულად ჩართვით”, – ამბობს მარიკა გელაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სტრატეგიის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი. ”ამ მიდგომის შედეგია ის, რომ წელს სლოვენიის საუკეთესო აგრო-მეწარმედ 29 წლის ახალგაზრდა დასახელდა, რომელიც სოფელში სულ 5 წლის წინ დაბრუნდა და სამთავრობო პროგრამის ხელშეწყობით ძეხვის მცირე წარმოება შექმნა, სრული საწარმოო ჯაჭვით, რაც ხუთიოდე ძროხას და ძალიან პატარა საწარმოს მოიცავდა, ამჟამად კი ფერმაში 20-მდე სული საქონელი ჰყავს, აწარმოებს ბრენდულ ძეხვს და სლოვენიას გარდა იტალიაშიც წარმატებით ყიდის; – ჩვენც სწორედ ასეთი ისტორიები გვჭირდება, ახალგაზრდებს სოფელი არ იზიდავს და ქალაქში მიდიან სამუშაოს საძებნელად, იქ კი ისედაც ჭირს სამუშაო ადგილები”,  – დასძენს ის.

ფაო-დან დელეგაციას სლოვენიაში ბექა ძაძამია ახლდა: ”წლების წინ სლოვენია იმითაც ჰგავდა საქართველოს, რომ სავარგულები ძალიან დანაწევრებული იყო, ოჯახზე საშუალოდ 2 ჰექტარი მიწის ფართი მოდიოდა(საქართველოში ეს მაჩვენებელი 1.25 ჰექტარია), თუმცა ფერმერთა კონსოლიდაციის შედეგად ეს მაჩვენებელი ამჟამად უკვე 5 ჰექტარია. ფერმერები, რომლებიც კონსოლიდაციას გადაწყვეტდნენ – განცხადებით მიმართავდნენ მთავრობას და შედეგად მათი გაერთიანებული მიწის ნაკვეთისთვის სპეციალურად ეწყობოდა შესაბამისი ერთიანი ინფრასტრუქტურა – გზაც და ირიგაციაც, და ფერმერთა ასეთი გაერთიანებისთვის სპეციალურად მუშავდებოდა ხელშემწყობი აგრო-პროექტები, გაიცემოდა გრანტები, სუბსიდიები, იაფი სესხები და აგრო-წარმოების საშუალებები”, – ამბობს ის.

იხილეთ გაგრძელება