კომპანია "რუსთავის წყალი" სემეკ-ის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

კომპანია "რუსთავის წყალი" სემეკ-ის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. კომპანია "რუსთავის წყალი" სამომხმარებლო ტარიფების ცვლილების შესახებ სემეკ-ის დღეს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

კომპანია "რუსთავის წყლის" ინფორმაციით, სემეკ-ის გადაწყვეტილება რუსთავში, მარნეულსა და გარდაბანში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს შეაფერხებს. "კომპანია "რუსთავის წყლის" მენეჯმენტი არ ეთახმება სემეკ-ის მიერ დღევანდელ სხდომაზე დადგენილ ახალ, შემცირებულ ტარიფებს, რომელიც კომისიამ კომპანიას რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულში მცხოვრები აბონენტებისთვის განუსაზღვრა და მიიჩნევს, რომ ტარიფი სამართლიანად არ არის დათვლილი. სემეკ-ის უსამართლო და მცდარი გადაწყვეტილების შედეგად "რუსთავის წყალი" წამგებიანი კომპანია გახდა, რაც ხელს შეუშლის ქალაქ რუსთავში წყალსადენისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს. კომპანიას მემკვიდრეობით გადაეცა ამორტიზებული ქსელი - ტარიფიდან მიღებული შემოსავალი სწორედ ქსელის განახლებას ხმარდება. ლარის დევალვაციის ფონზე, როდესაც კომპანიას 30%-ით გაეზარდა ხარჯები, სემეკ-მა არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ტარიფი თითქმის 20%-ით შეამცირა. ეს გადაწყვეტილება არ ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს, რადგან ქალაქ რუსთავში ინფრაქტრუქტურის განახლების პროცესს შეაფერხებს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, "რუსთავის წყალი" ზრუნავს თავისი მომხმარებლის ინტერესებზე, არ ეთანხმება სემეკ-ის გადაწყვეტილებას და მას სასამართლოში გაასაჩივრებს.