"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" სამშენებლო კომპანიებისთვის სემინარს ატარებს

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია" ტექნიკური რეგულირებისა და სტანდარტიზაციის თემაზე სამშენებლო კომპანიებისთვის სემინარს ატარებს. "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" ინფორმაციით, აღნიშნული ასოციაცია საქართველოს ბაზარზე არსებულ 18 წამყვან სამშენებლო კომპანიას აერთიანებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, იმისთვის, რომ ასოციაციაში შემავალი სამშენებლო კომპანიები სათანადოდ ინფორმირებულნი იყვნენ დარგში მიმდინარე ტექნიკურ და იურიდიულ პროცესებთან დაკავშირებით, ასოციაცია სემინარების ციკლს იწყებს, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ჩაატარებს.

სემინარების ციკლი დღეიდან "ტექნიკური რეგულაციისა და სტანდარტიზაციის" საკითხით დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა დავით გიგინეიშვილმა, ამავე სამინისტროს სსიპ "საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს" სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩიტაძემ და ევროკომისიის წარმომადგენელმა საქართველოში პიტერ ლაკატოსმა ჩაატარა.  სემინარზე საუბარი იყო თემებზე - "ტექნიკური რეგულირებისა და სტანდარტიზაციის რეფორმა საქართველოში ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად", "სახელმწიფო პოლიტიკა სტანდარტიზაციისა და რეგულირების მიმართულებით" და "ევროკავშირის რეგულაციები და ჰარმონიზაციის პროცესი".