მიზეზები, რომლის გამოც ქართული ღვინის ექსპორტი შემცირდა

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 87%-ით გაიზარდა, საფრანგეთში - 104%-ით, ყირგიზეთში - 168%-ით, ხოლო ისრაელში - 212%-ით...

ცოტა ხნის წინ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის გასული 10 თვის შედეგები გამოაქვეყნა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში ექსპორტირებულია 77,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. საერთო ჯამში, 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული ღვინის ექსპორტის მოცულობა 43%-ით არის შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ქვეყანაში ექსპორტის მაჩვენებელი პროცენტულად გაზრდილია. მაგალითად: 87%-იანი მატება აღინიშნება სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჩინეთის ბაზარზე, ექსპორტის ზრდა ფიქსირდება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ნიდერლანდები - 88%, საფრანგეთი - 104%, აშშ - 26%, კანადა - 66%. ექსპორტი გაიზარდა აგრეთვე ყირგიზეთში - 168%, ისრაელში - 212%, კორეაში - 37% და სხვა... საბოლოო ჯამში, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი. ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზი კი, სწორედ რუსეთი და უკრაინაა: ამ რეგიონში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო, ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 54%-ით შემცირდა, უკრაინაში კი - 61%-ით.

ღვინის ბაზარზე შექმნილი სიტუაციის შესახებ ამ ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ. კომპანია "თბილღვინოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას ღვინის რეალიზაცია მარტო რუსეთსა და უკრაინაში კი არა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც შეუმცირდა: "ჩვენ, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინასთან ერთად, ბელორუსში და ყაზახეთშიც შეგვიმცირდა პროდუქციის რეალიზაცია. ჩვენი ნაწარმის ექსპორტი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში შემცირდა გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ეს იმიტომ, რომ ბალტიისპირეთი მაინც ევროკავშირზეა მიბმული. ყველაფერი იმის ბრალია, რომ პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე არის კრიზისი, რამაც ადგილობრივი ვალუტების გაუფასურება და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის დაქვეითება გამოიწვია. ეს კრიზისი ორმაგად მტკივნეული აღმოჩნდა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც თავიანთი ნაწარმი ძირითადად რუსეთში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გააქვთ. ჩვენს კომპანიას ევროკავშირის ქვეყნებში - კერძოდ, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში უკეთესი მდგომარეობა აქვს, ხოლო ლიტვაში - მცირე შემცირება აღინიშნება."

მარგველაშვილის აზრით, არაერთ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 100%-ით და მეტად არის გაზრდილი, მაგრამ გააჩნია, ადრე რა რაოდენობით გადიოდა ამ ქვეყნებში ქართული ღვინო: "2014 წელს 10 ათასი ბოთლი რომ გადიოდა და წელს 20 ათასი გახდა, ეს თავისთავად 100%-იანი ზრდაა, მაგრამ 20 ათასი არ არის დიდი ციფრი. სწორედ ამიტომ, ექსპორტის ზრდის პროცენტული მაჩვენებელი ზოგიერთ ქვეყანაში მაღალია, მაგრამ ექსპორტის მოცულობა მაინც არ არის დიდი. საბოლოო ჯამში, ქართული ღვინის ექსპორტი შორეულ ქვეყნებში დიდი არ არის, მაგრამ მაინც ვცდილობთ ამ ბაზრების ათვისებას: წელს პირველად გვქონდა გადატვირთვა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პანამა, კუბა, იაპონია, ქართული ღვინო შევიტანეთ ჩინეთის ახალ პროვინციაში. დღესდღეობით, 30-ზე მეტ ქვეყანაში ვახორციელებთ ჩვენი ღვინის ექსპორტს."

ექსპორტის შემცირებაზე საუბრობს შსს "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილიც:

"ჩვენი კომპანიის ექსპორტიც შემცირდა ძირითადად რუსეთ-უკრაინის კრიზისის გამო. საერთოდ, ნებისმიერ ქვეყანაში ღვინის მოხმარება იზრდება მაშინ, როცა იქ ეკონომიკური წინსვლა შეინიშნება, ასე მოხდა ბოლო ხანებში ჩინეთში, ინდოეთსა და კორეაში, ხოლო როდესაც კრიზისია, ღვინის რეალიზაცია ყველგან იკლებს, რადგან ეს არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი. სწორედ ასეთი პროცესი განვითარდა რუსეთსა და უკრაინაშიც." როგორც "თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი აცხადებს, მათ კომპანიას სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ექსპორტი არ შემცირებია: "ვერ ვიტყვი, რომ უკრაინის და რუსეთის გარდა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩვენი მდგომარეობა გაუარესდა: მაგალითად, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ჩვენი ნაწარმის რეალიზაცია პირიქით, გაიზარდა. ამავე დროს, ავითვისეთ რამდენიმე ახალი პოსტსაბჭოთა ქვეყანაც, მათ შორის, უზბეკეთი და თურქმენეთი. შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთსა და უკრაინას თუ არ ჩავთვლით, ჩვენი გაყიდვები გაიზარდა. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თითქმის ყველა ქვეყანაში ზრდა გვაქვს, ვგულისხმობ როგორც ევროპულ სახელმწიფოებს, ასევე აშშ-ს, ჩინეთს და საერთოდ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას. თუმცა, ჩვენთვის პოსტსაბჭოთა სივრცე მაინც მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ იქ ქართული ღვინის ცნობადობა უფრო მაღალია. ამერიკასა და ევროკავშირში კი, ქართული ღვინის დამკვიდრებისთვის დროა საჭირო, ეს ერთ-ორ წელიწადში ვერ მოხერხდება, ამ საქმეს მრავალწლიანი, სერიოზული შრომა სჭირდება. ავიღოთ თუნდაც საფრანგეთი: ქართული ღვინის ექსპორტი ამ ქვეყანაში პროცენტულად მართლაც გაიზარდა, მაგრამ იქ ჩვენი ღვინო ძალიან მცირე რაოდენობით გადიოდა და გადის. ეს არის ძირითადად ნიშური პროდუქტი - კერძოდ, ქვევრის ღვინო, რომელიც ექსკლუზიურია, ქართული ღვინის რეალიზაციას იქ არა აქვს მასობრივი ხასიათი. ძნელია ფრანგულ ღვინოს კონკურენცია გაუწიო საფრანგეთში, მაგრამ ეს ადვილია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ჩვენს ღვინოს საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს და ხალხიც ითხოვს."

ზურაბ რამაზაშვილი იმ ქვეყნებს შორის, სადაც ქართული ღვინის ექსპორტის ზრდა რეალურია, კანადასაც ასახელებს:

"სპეციალისტების აზრით, მომავალში ქართული ღვინის რეალიზაცია შეიძლება ვიეტნამსა და კანადაშიც გაიზარდოს. მეც ვფიქრობ, რომ კანადა ღვინის საკმაოდ კარგი მომხმარებელია, თუმცა, იქ ამ სფეროში სახელმწიფო მონოპოლია მოქმედებს. თუ ამ სისტემაში მოვხვდებით, კანადა ჩვენთვის საკმაოდ პერსპექტიული ქვეყანაა. ჩვენი პირველი ვიზიტი კანადაში 1999 წელს გაიმართა და იმის შემდეგ ამ ქვეყანაში ქართული ღვინის რეალიზაცია პერმანენტულად იზრდება, თუმცა, უკრაინა და რუსეთი ჩვენთვის მაინც ხელსაყრელი პარტნიორები არიან, თუნდაც იმიტომ, რომ იქ პროდუქციის ტრანსპორტირებაც ადვილია, ლოგისტიკური მომსახურებაც იაფია და ქართულ ღვინოსაც კარგად იცნობენ. ამიტომ, მიუხედავად პოლიტიკური არასტაბილურობისა, მაინც უნდა ვეცადოთ, რომ რუსულ ბაზარზე ჩვენი ნიშა არ დავკარგოთ."

ხათუნა ჩიგოგიძე