ახლო მომავალში 1 კოლოფი სიგარეტი 5 ლარი ეღირება

2024 წლისთვის სიგარეტის აქციზი დაახლოებით 3 ლარამდე გაძვირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ 1 კოლოფი "ვინსტონი" 5 ლარზე მეტი ეღირება. ფინანსთა სამინისტრო საბოლოო გეგმას წლის ბოლომდე დაამტკიცებს. მანამდე კი თამბაქოს იმპორტიორები ცდილობენ, მთავრობა გაცილებით გრძელვადიან გეგმასა და აქციზის შედარებით დაბალ განაკვეთზე დაითანხმონ. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობის ევროპის საბჭოს 2011 წლის 21 ივნისის 2011/64/UE დირექტივასთან (წარმოებული თამბაქოს აქციზის გადასახადის სტრუქტურისა და განაკვეთების შესახებ) დაახლოებას. დირექტივის მე-10 მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულია აქციზის მინიმალური განაკვეთი 1000 ღერ სიგარეტზე, 90 ევროს ოდენობით.

"რეზონანსს"

ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდა განხორციელდება ეტაპობრივად, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით. ამასთანავე, თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ყოველწლიური ზრდის გრაფიკი ამჟამად შემუშავების ეტაპზეა, მიმდინარეობს კონსულტაცია ბიზნესსექტორთან და აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე დამტკიცდება. "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ თამბაქოს ინდუსტრიას ბიზნესომბუდსმენმა ფინანსთა სამინისტროში შემუშავებული 8-წლიანი გეგმა წარუდგინა. გეგმის მიხედვით, აქციზის ზრდა გაგრძელდება 2017 წელსაც და ყოველწლიურად 2024 წლამდე. "ეს განპირობებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელიც ითვალისწინებს აქციზის გადასახადის მატებას. საქართველოს აქვს ვალდებულება, 2024 წლამდე აქციზის განაკვეთი სიგარეტზე გაიზარდოს 90 ევრომდე ათას ღერზე და იმის გამო, რომ ერთბაშად არ მოხდეს აღნიშნული განაკვეთის ფასში ასახვა, ყოველწლიურად იზრდება აქციზი თამბაქოს ნაწარმზე მცირე დოზით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.

ამ დროისთვის 1000 ღერ სიგარეტზე აქციზის ღირებულება 21 ევროა. 90 ევრომდე გაზრდა (არსებული კურსის გათვალისწინებით) ნიშნავს იმას, რომ 2024 წლისთვის 1 კოლოფ სიგარეტზე აქციზი 3 ლარამდე გაიზრდება; ანუ რამდენიმე წელიწადში სიგარეტ "ვინსტონის" ფასი 5 ლარის ფარგლებში იქნება. მთავრობის გეგმის მიხედვით, 8 წლის განმავლობაში 1 კოლოფ სიგარეტზე აქციზმა 40 თეთრით უნდა მოიმატოს, შესაბამისად, თამბაქოს პროდუქციაც ყოველწლიურად დახალოებით ასეთი ბიჯით გაძვირდება.

კომპანია "ჯეი თი აი კავკასიის" კომუნიკაციების სპეციალისტი ივა ხასია ადასტურებს, რომ ბიზნესომბუდსმენისგან მიიღეს 8-წლიანი გეგმის პროექტი. "როგორც აგვიხსნეს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პროექტი და უნდა ჩავერთოთ ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციების პროცესში. სწორედ ამის შემდეგ უნდა შემუშავდეს საბოლოო გეგმა. ეს იქნება 8 თუ 10-წლიანი, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - ამბობს ივა ხასია და დასძენს, რომ ევროკავშირი მთავრობას არ ავალდებულებს, რომ აქციზი განსაზღვრულ ზღვრამდე მაინცდამაინც 8 წლის განმავლობაში გაიზარდოს. ივა ხასიას ლიტვა-ლატვიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ აქციზის გაზრდის 64-ევროიანი ნიშნული აიღეს, რომელიც 13-15 წელზე გაიწერა. "თუ საქართველოში 90 ევრომდე გვექნება სწორება, უფრო გრძელვადიანი პერიოდი უნდა შეირჩეს. აქციზის სწრაფი ზრდა სიგარეტის არალეგალურად შემოსვლის საფრთხეს შექმნის. ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა და წარადგინოს ასოცირების საბჭოზე. ეს გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მთლიანად რეგიონის რეალობას", - განმარტავს ივა ხასია.

ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ამბობს, რომ ბიზნესმენებთან კონსულტაციები არაერთხელ გაიმართა და მათთვის ევროკავშირის დირექტივები კარგად არის ცნობილი. "კონსულტაციებზე იყო საუბარი, თუ რა მოცულობით უნდა გაძვირებულიყო თამბაქო. დავა მიმდინარეობდა ადვალური გადასახადის შემადგენელ ნაწილზე. თამბაქოს ნაწილში ჩვენ გვაქვს კონკრეტული ვალდებულება ევროკავშირთან, რომელიც უნდა შევასრულოთ. აქციზის საკითხი ცნობილი იყო ერთი წლის წინ, როდესაც მისი გაზრდის პირველი ეტაპი დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად მოვახერხეთ, არის ის, რომ მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ უკვე წარმოადგინეს სამუშაო გეგმა, თუ რა ტემპით და როგორ მოხდება აქციზის შემდეგი ზრდა", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იმპორტიორები შიშობენ, რომ საქართველოში თამბაქოს ბიზნესს ძალიან გაუჭირდება, რადგან ფასის ზრდა გაყიდვას მნიშვნელოვნად შეამცირებს. ისინი სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული გეგმის შემუშავებას ითხოვენ. "ბესტ თობაქოს" მარკეტინგის მენეჯერი სოსო მურღულია ამბობს, რომ აქციზის მატება სიგარეტს ძალიან გააძვირებს. "წელს აქციზი ისედაც ორჯერ გაგვიძვირდა და ამან სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა. ფაქტობრივად, მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობთ და ისიც შეგვიმცირდება. მიჭირს დაკონკრეტება, თუ რამდენით მოიმატებს თამბაქო, ალბათ, იმავე მოცულობით, რამდენითაც აქციზის გადასახადი. ბოლოს სხვაობა 15% იყო. ვფიქრობთ, გაისადაც ამ მაჩვენებლით გაზრდიან ფასს. სავარაუდოდ, ცვლილება ფასში 15 თეთრზე მეტი არ იქნება. რეალიზაცია ისედაც შეგვიმცირდა. მთავრობისგან ხშირად ისმის, რომ ბიზნესს დიდი მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს საქმიანობაზე ეს არ აისახება. ჯერჯერობით კარგი არაფერი ყოფილა, პირიქით, მდგომარეობა გაგვირთულდა", - აცხადებს სოსო მურღულია.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"