მომავალი წლის აპრილიდან მასწავლებლის საშუალო ხელფასი 600-700 ლარი იქნება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, 2016 წლის აპრილში მასწავლებლის საშუალო ხელფასი უკვე 600-700 ლარი იქნება. ამის შესახებ თამარ სანიკიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის შემდეგ ყველაზე დიდი ფინანსური რესურსი მობილიზებული იქნება განათლებაზე. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2015 წლის 1 აპრილიდან პედაგოგების ხელფასების ზრდის მეორე ეტაპი დაიწყო და გახდა 405 ლარი, ეს გაგრძელდება გაისადაც. განათლების და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ კი აღნიშნა, რომ 2012 წელთან შედარებით 60%-იანი ზრდა არის საბაზო ხელფასის. "მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ საბაზო ხელფასის ზრდა უფრო მეტად ზრდის კიდევ საშუალო ხელფასს. მასწავლებლის საშუალო ხელფასი უკვე 2016 წლის აპრილში გვექნება 600-700 ლარი", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

პრემიერი დაინტერესდა, რამდენი იყო საშუალო ხელფასი, რაზეც სანიკიძემ უპასუხა, რომ საშუალო ხელფასი იყო 400-დან 500 ლარამდე. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, 2017 წელს კიდევ არის მასწავლებლის ხელფასის ზრდა დაგეგმილი, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუტოლებს მასწავლებლის ხელფასსაც. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა მეცნიერების ხელფასებზეც. მისი თქმით, ეს ხელფასები იყო მიზერული, სადღაც 150-200 ლარი და გაიზარდა 200-300%-ით. ამ თემაზე საუბრისას განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ კვლევით დაწესებულებებში საშუალო ხელფასი არის 600-700 ლარი, ადრე კი 150-200 ლარი იყო.