ირაკლი ღარიბაშვილი: მაღალმთიანი რეგიონების კანონი ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაღალმთიანი რეგიონების კანონი, რომელიც მიიღეს, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. "მე ვფიქრობ, ეს არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა. ჩვენ მთლიანად გავაცნობიერეთ ის, თუ რა შეიძლება მოიტანოს ჩვენი ქვეყნის მთიანეთის დაცლამ. სწორედ ამ მიმართულებით გადავდგით რეალური, კონკრეტული ნაბიჯები. გაისად 20 მილიონი ლარი დაიხარჯება მაღალმთიანი რეგიონების განვითარების ფონდისთვის", -განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. მისი თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებისთვის დაახლოებით მილიარდი ლარია გათვალისწინებული. აქედან დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი მოხმარდება საგზაო ინფრასტრუქტურას, 280 მილიონი ლარი გათვალისწინებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის.