ტიმოთესუბანში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა

ტიმოთესუბანში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტში იუწყებიან, 2014 წელს, აღნიშნული პროგრამით გამოყოფილი 8173 ლარით, წყლის აუზის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა. ამავე წელს, სასმელი წყლის სისტემის დროულად მოსაწესრიგებლად, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც გაიხარჯა. გამოყოფილი 25 000 ლარით სათავე ნაგებობა მოეწყო. 2600 მეტრ მონაკვეთზე კი ძველი მილები ახალი, მაღალი ხარისხის მილებით შეიცვალა.

მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, 2015 წელს მოხერხდა მაგისტრალის გამოცვლა ახალი აუზიდან მოსახლეობამდე, რისთვისაც პროექტი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 8 992 ლარით დაფინანსდა. "დღეს ტიმოთესუბანს ცენტრალური მაგისტრალით წყალი შეუფერხებლად მიეწოდება. ამ ეტაპზე კი სოფლის მოსახლეობა საკუთარ ეზოებში წყლის დაერთებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს თავად უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ტიმოთესუბანი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით, გაფილტრულ ე.წ. "გუჯარეთის წყალსაც" მიიღებს. აღნიშნული წყლის მიღების სურვილის შემთხვევაში კომპანიის მიერ აბონენტის გამრიცხველიანება და ტარიფის დაწესება მოხდება", - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.