სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ "სახელმწიფო შესყიდვების გზამკვლევი" გამოსცა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, მისი პროექტის "მმართველობა განვითარებისათვის" (G4G) ფარგლებში "სახელმწიფო შესყიდვების გზამკვლევი" გამოსცა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ილუსტრირებულ გამოცემაში ლაკონურად, მარტივად და გასაგებად არის გადმოცემული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ძირითადი პროცედურები, ელექტრონული ტენდერების, გამარტივებული შესყიდვების, აგრეთვე, კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარების, შავი და თეთრი სიების წარმოების, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. გამოცემას ბოლოში დართული აქვს თემატურად დალაგებული პრაქტიკული რჩევები შემსყიდველთათვის.

გზამკვლევი, მისი სტრუქტურირების გათვალისწინებით, დიდ დახმარებას გაუწევს შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სახელმწიფო შესყიდვების პრობლემატიკით დაინტერესებულ სხვა პირებს. "სახელმწიფო შესყიდვების გზამკვლევის" ელექტრონული ვერსია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე და ელექტრონული შეტყობინებით დაგზავნილია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მომხმარებელ ყველა შემსყიდველ ორგანიზაციასთან.