დავით ბაქრაძე: მთავრობა ვაიძულეთ, მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ნაწილობრივი ზრდა გაეთვალისწინებინა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ მომავალი წლიდან პენსიების გაზრდა პარტიის, საზოგადოებისა და პენსიონერების აქტივობის შედეგია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, დავით ბაქრაძე პენსიის გაზრდის საკითხს გამოეხმაურა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი აღნიშნავს, რომ ეს პარტიის, საზოგადოებისა და პენსიონერების აქტივობის შედეგია. "როგორც მოგეხსენებათ, ერთი თვის წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პენსიონერებთან ერთად დაიწყო კამპანია ქვეყანაში პენსიის 50-ლარიანი მატების შესახებ. დღეს ჩვენ ამ კამპანიის პირველი შედეგი ვიხილეთ, ვაიძულეთ მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტში პენსიების ნაწილობრივი ზრდა გაეთვალისწინებინა. რატომ ვამბობთ, ვაიძულეთ? იმიტომ, რომ მთელი 1 თვის განმავლობაში გვესმოდა, თითქოს პენსიის ზრდა პოპულიზმია და ამის რესურსი არ არსებობს. ბიუჯეტი უკვე ორჯერ იყო შემოტანილი პარლამენტში და არცერთ პროექტში, არცერთი თეთრი არ იყო გათვალისწინებული პენსიების ზრდისთვის. ამიტომ ის, რომ მთავრობა ნაწილობრივ დათანხმდა ჩვენს მოთხოვნას, ნიშნავს მხოლოდ ერთს - ჩვენი საზოგადოებისა და პენსიონერების აქტივობამ პირველი შედეგი გამოიღო და თითოეულ პენსიონერს ვულოცავ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. მისივე თქმით, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პარტიის კამპანია შეწყდება. ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ პენსიის 50 ლარით გაზრდას მიაღწევენ. "თუ მთავრობა ამას არ გააკეთებს, გპირდებით, რომ ამას ჩვენ 2016 წლის ნოემბრიდან გავაკეთებთ, როცა მთავრობას არჩევნების გზით გავუშვებთ", - აღნიშნა ბაქრაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 2016 წლის 1 ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება.