"საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა"

საქართველოში ინვესტიცია იზრდება, რაც ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ევროკომისარმა იოჰანეს ჰანიმ განაცხადა. ევროკომისარმა საქართველოში გატარებულ რეფორმებს შთამბეჭდავი უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეესრულებინა.

"მინდა ხაზი გავუსვა იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა, რათა შესრულებულიყო ის მოთხოვნები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. გასულ კვირას საქართველო ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ჯეროვანი შეფასება მისცა მიღწეულ პროგრესს და დააფიქსირა მზადყოფნა, რომ გავაღრმავოთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.  ასევე ჩვენ განვიხილეთ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს პროდუქციის ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტს უკავშირდება. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება. ეს ასევე ძალიან დადებითი თემაა. ფულს სჭირდება სტაბილურობა და თუ ფული სადღაც იდება და ინვესტირდება, ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა", - განაცხადა ჰანმა.