აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სამი წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი ორგანიზებით სამი წლის მანძილზე 81 მედია და ინფო ტური ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 786 ტურიზმის დარგის სპეციალისტი გაეცნო რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. მათივე განმარტებით, შედეგები შთამბეჭდავია.  "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ტურიზმი კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. ამას ადასტურებს 2012 წლიდან დღემდე ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტის 60%-მდე ზრდაც. გაზრდილია სამიზნე ტურისტული ბაზრების რაოდენობა - 2015 წელს 10 სამიზნე ქვეყანა იყო შერჩეული რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის.  რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებულია "2015-2018 წლების ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განვითარების სტრატეგიული გეგმა", რომლის მიხედვით დაიგეგმა მიმდინარე და მომავალი წელი. ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა მარკეტინგული ღონისძიებები საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ყოველწლიურად 25-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე ახდენს. დეპარტამენტის ორგანიზებით სამი წლის მანძილზე 81 მედია და ინფო ტური ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც 786 ტურიზმის დარგის სპეციალისტი გაეცნო რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. შედეგები შთამბეჭდავია - მხოლოდ მიმდინარე წელს გამოქვეყნდა 100-ზე მეტი სარეკლამო-საინფორმაციო სახის სტატია, სიუჟეტი თუ ბლოგ-პოსტი", - აცხადებენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

უწყების ინფორმაციით, 2013-2015 წლებში დეპარტამენტმა მოახდინა 15 ახალი ტურისტული მარშრუტის შედგენა და მარკირებაც.  "ტურიზმის დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს აჭარის რეგიონის შესახებ ტურისტებისათვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ტურისტული პროდუქტების მრავალფეროვნების გაზრდაზე. 2015 წელს რეგიონის მასშტაბით სეზონზე რვა ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და ცხელი ხაზი მოქმედებდა, მათ შორის 24 საათიანი მომსახურებითაც. 2013-2015 წლებში დეპარტამენტმა მოახდინა 15 ახალი ტურისტული მარშრუტის შედგენა და მარკირება.  2013 წელს შეიქმნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი სამენოვანი ოფიციალური ვებ-გვერდი - www.gobatumi.com, რომელიც ტურისტისთვის სასარგებლო მრავალმხრივ ინფორმაციას შეიცავს და თავსებადია ახალ მობილურ მოწყობილობებთან. ბოლო წლებში გააქტიურდა ასევე სამიზნე ქვეყნებში რეგიონის ონლაინ რეკლამირება სოციალური მედია ინსტრუმენტებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, შედეგად, დეპარტამენტის ფეისბუქ გვერდს 410 0000 ყოველთვიური წვდომა აქვს სოციალურ მედიაში. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს უფასო გადამზადების კურსებს, რომლებშიც უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართულები. სერვისის გაუმჯობესების მიზნით რეგიონის კერძო ტურისტულ ობიექტებში 3 წლის მანძილზე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით 750 კადრი", - განმარტავენ უწყებაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, "რეგიონში სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის სტიმულირებისათვის განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ ზრდის დადებითი ტენდენციაა ტურიზმის კერძო სექტორშიც, რაც ახალი კვებისა და განთავსების ობიექტების ზრდით გამოიხატება".  "თუკი 2012 წელს რეგიონის მასშტაბით 10 367 რეგისტრირებული განთავსების ადგილი იყო, 2015 წლის მონაცემებით უკვე 14 828 ადგილი აღირიცხება, რაც 43%-იან ზრდას მიუთითებს.  ყოველწლიურად იზრდება რეგიონში საერთაშორისო ტურისტთა რიცხვიც, თუმცა არსებული მეთოდოლოგიით ზრდა საშუალოდ 10%-მდე აღწევდა. სტატისტიკის უფრო სრულყოფილი სურათის მისაღებად, ტურიზმის დეპარტამენტმა შეიმუშავა სტატისტიკური კვლევების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც მოიცავს რეგისტრირებულ და არარეგისტრირებულ სექტორში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შემდგომ ანალიზს. ასევე, ტურისტული ბაზრის კვლევას, რომელიც შიდა სამომხმარებლო ბაზრის კვლევასა და უცხოელ ვიზიტორთა კვლევებს გულისხმობს", - აღნიშნავენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.