გიორგი შუხოშვილი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას" ავსტრიული კომპანიის "ბერნარდ ენჟინერსის" (BERNARD Engineers) წარმომადგენლები ეწვივნენ.  უწყების ინფორმაციით, სტუმრებს კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა სხვა თანამშრომლებთან ერთად უმასპინძლა.  "შეხვედრაზე მხარეებმა შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის" გეგმებსა და ავსტრიული კომპანიის "ბერნარდ ენჟინერსის" გამოცდილებასა და მათ მიერ უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე განხილული იყო ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე განმარტებით, "ბერნარდ ენჟინერსი" ახორციელებს საკონსულტაციო, დაგეგმვით და საინჟინრო მომსახურებას მრეწველობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროში. "ავსტრიულმა კომპანიამ შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან" თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა ნარჩენების მართვის სფეროში", - აღნიშნავენ უწყებაში.