"ჩითახევიჰესს" ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი დაუდგინდა

სემეკმა "ჩითახევიჰესს" ელექტროენერგიის წარმოების ახალი ტარიფი დაუდგინა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიამ დღევანდელ საჯარო სხდომაზე "ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ" კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის N33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. კერძოდ, განიხილა საკითხი სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებული ჰიდროელექტროსადგურის - "ჩითახევიჰესისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის შესახებ.

კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, "ჩითახევიჰესის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 3.933 თეთრი/კვტსთ-ით განისაზღვრა. ტარიფი ძალაშია კომისიის შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. "ჩითახევიჰესისათვის" ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის თაობაზე, სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2015 წლის 20 აგვისტოს დაიწყო. დაინტერესებული პირების მიერ კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 22 სექტემბერი, ხოლო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 30 ნოემბერი განისაზღვრა.