"მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" 2016 წელსაც გაგრძელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი" 2016 წელსაც გაგრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო პროგრამა სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერების ხელშეწყობას ითვალისწინებს.  "2016 წელს პროექტის ფარგლებში: ბენეფიციარები, რომლებსაც საკუთრებაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში 0.25 ჰა-დან 1.25- ჰა-ს ჩათვლით სახნავი მიწის ფართობი აქვთ, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათს 1 ჰა-ზე 140 ლარის გაანგარიშებით (მიწის ფართობის პროპორციულად) მიიღებენ; ბენეფიციარები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ 0-დან 0.25 ჰა-მდე მიწის ფართობი 50 ლარიანი აგრობარათით ისარგებლებენ; ბენეფიციარებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ მრავალწლიანი კულტურებით გაშენებული 0.25 ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის ნაკვეთ(ებ)ი, ,,აგრობარათს" 1 ჰა-ზე 140 ლარის განგარიშებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად მიიღებენ. მცირემიწიან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ,,აგრო ბარათით" სასოფლო-სამეურნეო საქონელი, (სასუქები, სათესლე, სანერგე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ერთიანად, ნაწილ-ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მომწოდებლისგან შეიძინონ", - აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წელს, მთავრობის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ" საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანს მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობა, პირველადი წარმოების ზრდის სტიმულირება და სტაბილური შემოსავლების უზრუნველყოფა წარმოადგენდა. სამწლიან პროგრამაში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ბენეფიციარი ჩაერთო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლო ეტაპი მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონში 600-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ინვენტარის სარეალიზაციო ობიექტი მოეწყო. ფერმერებს საშუალება აქვთ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მათთვის სასურველი საქონელი შეიძინონ.  სამინისტროს განცხადებით, სამი წლის განმავლობაში "მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში: 2013 წელს 710,479 ბენეფიციარმა 190,466,914 ლარის სარგებელი მიიღო. 2013 წელს პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 208,375 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.  2014 წელი - აღნიშნული პროექტის ფარგლებში 757,145 ბენეფიციარმა მიიღო 69,954,923 ლარის სარგებელი. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ჯამში დამუშავდა 220,466 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.  2015 წელი - პროექტის ფარგლებში 767,017 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 56,858,420 ლარის ღირებულების სარგებელი. 2015 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით, ჯამში პროექტის ფარგლებში მოხნული მიწის ფართობი 212,141 ჰექტარს შეადგენს.