რუსეთმა თურქეთიდან იმპორტირებული ქათმის ხორცი უკან გააბრუნა

როსსელხოზნადზორმა თურქეთიდან იმპორტირებული 54 ტონა ქათმის ხორცი უკან გააბრუნა. ამის მიზეზი უწყების ცნობით, იმპორტირებული პროდუქტის ვეტერინარული მოთხოვნების დარღვევა გახდა. მათივე განცხადებით, შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ კონტეინერებში განთავსებულ პროდუქციას იარლიყები ხელახლა ჰქონდა მიმაგრებული. „08/04/2014 წლის მარკირება შეცვლილი იყო და ვადის გასვლის თარიღად 08/04/2015 იყო მითითებული“, - წერია როსსელხოზნადზორის განცხადებაში.

მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთში იმპორტირებული 162 ტონა თურქული ხორციც დაბლოკეს.  აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რაც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებზეც აისახა.