დმანისის მუნიციპალიტეტში 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი დმანისი-დმანისი-გომარეთი-ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ დროისათვის გზის საფუძვლის მოწყობისა და ასფალტ-ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

"პროექტი ასფალტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას ითვალისწინებს. განხორციელდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. შუახრამზე არსებულ ხიდს და მდ. ახაზე აშენდება ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი. აღნიშნულ მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ასფალტ-ბეტონის საფარი მხოლოდ ფრაგმენტულად ჰქონდა შემორჩენილი. გზის რეაბილიტაციის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ", - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.