ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი 2016 წლის ბოლომდე ამუშავდება

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო სისტემებს გააერთიანებს, 2016 წლის ბოლომდე შევა ექსპლუატაციაში. ამის შესახებ „ტრასეკას“ მდივანმა აზერბაიჯანში აკიფ მუსტაფაევმა day.az-ს განუცხადა.

„პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოები კვლავ დარჩენილია, კერძოდ, თურქეთის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანს ამ ეტაპისთვის დიდძალი თანხები აქვს დახარჯული პროექტის რეალიზებაზე. საუბარია, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებზე, ასევე ჩვენის ქვეყნის ტერიტორიაზე კაპიტალურ რემონტსა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზეა. ჩვენი გეგმებით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალი მომავალი წლის ბოლომდე ამუშავდება“, - განაცხადა მუსტაფაევმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის შეთანხმებას ეფუძნება. აზერბაიჯანმა, მაგისტრალის ქართული ნაწილის მშენებლობისათვის 775 მილიონი დოლარი გამოყო. ბაქო-თბილსი-ყარსიის პროექტის ფარგლებში, ახალი 105 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობაც იგეგმება. ამასთან ერთად, პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის რკინიგზას. რეკონსტრუქციის შემდეგ გაუმჯობესდება რკინიგზის გამტარუნარიანობა და წელიწადში 15 მილიონი ტონის გადაზიდვას შეძლებს.