სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს არჩევნები გაიმართება

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დღეს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს არჩევნები გაიმართება, რომლის შედეგად არასამთავრობო სექტორიდან საბჭოს სამი წევრი უნდა შეირჩეს. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იუწყებიან, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ექვსი წევრით და მის შემადგენლობაში პარიტეტული პრინციპით სააგენტოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან. სააგენტოს ინფორმაციით, შერჩევაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეუძლია. შერჩევის მონაწილეები ხმათა უმრავლესობით გამოავლენენ მათთვის მისაღებ დავების განხილვის საბჭოს 3 წევრს, რომლებიც 1 წლის ვადით აირჩევიან.

"არჩევნების შედეგი დაუყოვნებლივ ფორმდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საბჭოს წევრებად ინიშნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც აირჩევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები", - ნათქვამია განცხადებაში.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი უნდა დარეგისტრირდეს შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1RZ3bJlbqrK0PVBaSLkZbhanA9m5ujUIiE6vTmKrs2_8/viewform?c=0&w=1.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - მინდობილობა.

რაც შეეხება საბჭოს წევრის საქმიანობას, საბჭოს წევრი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობს. იგი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს შინაგანი რწმენით და მოქმედებს დამოუკიდებლად, მათ შორის წარმომდგენი არასამთავრობო ორგანიზაციისგან.

"საბჭო თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არცერთ ორგანოს ან/და თანამდებობის პირს. საბჭოს წევრის საბჭოს სხდომებზე დასწრება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება კვირის განმავლობაში 2-3-ჯერ. საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება", - ნათქვამია განცხადებაში.