ქრთამის აღების ფაქტზე "ვალეს" მებაჟე ოფიცერი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი "ვალეს" მებაჟე ოფიცერი და დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი თანამზრახველი დააკავა. როგორც საგამოძიებო სამსახურში იუწყებიან, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ერთ-ერთ მოქალაქეს, თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტ "ვალეს" გავლით, სამი კილოგრამი ოქროს განუბაჟებლად შემოტანის სანაცვლოდ, 5 400 აშშ დოლარი მოსთხოვეს, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი.

"დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით", - განმარტავენ საგამოძიებო სამსახურში.