გიგი წერეთელი - 20 ლარით გაზრდილ პენსიას ისევ ინფლაცია და მაღალი ფასები შეჭამს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის განცხადებით, 7 თვის შემდეგ 20 ლარით გაზრდილ პენსიას ისევ ინფლაცია და მაღალი ფასები შეჭამს.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, გიგი წერეთელი პარლამენტში 2016 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენასა და პენსიების 20-ლარიან ზრდას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პარტიის აქტიურობის შედეგია.

"დღეს საქართველოს მთავრობა პარლამენტში 2016 წლის ბიუეტის პროექტს წარადგენს, სადაც სამწუხაროდ პენსიების 50-ლარიანი ზრდა გათვალისწინებული არაა. მთავრობას ამის რესურსი ჰქონდა, მაგრამ ის ვერ ელევა თავის ბიუროკრატიულ ხარჯებს, ფუფუნებას, კომფორტს. არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გადაიტანენ ამ ზამთარს ჩვენი პენსიონერები. მათ მხოლოდ იმას ჰპირდებიან, რომ პენსია 7 თვის შემდეგ გაიზრდება და ისიც 20 ლარით. სამწუხაროდ პროგნოზები დადებითი არაა და ამ 20 ლარს ისევ ინფლაცია და მაღალი ფასები შეჭამს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა მეტი აქტიურობა, ჩვენ ვნახეთ, რომ მთავრობა პენსიების გაზრდაზე უარს ამბობდა, მათი თქმით, ჩვენი ეს მოთხოვნა პოპულისტური იყო, მაგრამ შემდეგ მოინახა ეს 20 ლარი", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ისინი გააგრძელებენ კამპანიას, რათა ხელისუფლება აიძულონ და პენსიის 50 ლარით ზრდა მოხდეს.