PALITRANEWS-მა ახალი ფორმატით მაუწყებლობა დაიწყო

ახალი ამბების ტელევიზია PALITRANEWS-მა ახალი ფორმატით მაუწყებლობა დაიწყო. ახალი ამბების ტელევიზია, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის, ეთერში დღეს, დილის 08:00 საათიდან გავიდა. მაუწყებლობა 24-საათიანი იქნება. PALITRANEWS საზოგადოებას ქართული რეალობისთვის სრულიად ინოვაციურ საეთერო ბადეს სთავაზობს. ეს არის ტელევიზია მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია.

მაუწყებლობა გათვლილია აუდიტორიაზე, რომელსაც სურვილი აქვს, მოკლე დროში მრავალფეროვანი, ობიექტური და ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ინფორმაცია მაშინ, როცა მას უნდა და არ დაელოდოს კონკრეტულ დროს.

საეთერო ბადე მოიცავს ინფორმაციას ყველა სფეროდან, ასევე ბლიც-ინტერვიუებს. არხზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, თუ სპორტული სიახლეების შესახებ ინფორმაცია უწყვეტ რეჟიმში გადაიცემა. მაყურებლისთვის დღეში, საშუალოდ, 200-მდე ახალი ამბავი მზადდება.

PALITRANEWS "პალიტრა მედიის" ბაზაზე შეიქმნა. ახალი ამბების ტელევიზიის მაუწყებლობის პრინციპი სანდოობა და ობიექტურობაა.