ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 57.6 მლნ ლარით გაიზარდა

ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 57.6 მლნ ლარით გაიზარდა და 393.1 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის "თვის მიმოხილვაში".

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 12.5.მლნ ლარით შემცირდა და 15.35 მლრდ ლარს გაუტოლდა.

სებ-ის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 33.7 პროცენტი შეადგინა. საკრედიტო პორტფელის ზრდა მეტწილად გამოწვეულია ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის სესხების გადაფასებით. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 10.4 პროცენტი იყო.

თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტით სესხების კლება დაფიქსირდა. ოქტომბრის ბოლოსთვის საკრედიტო პორტფელის 80.2 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 68.8 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 45.8 პროცენტს შეადგენდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 12.4 მლნ ლარით (0.2 პროცენტით) შემცირდა და 5.48 მლრდ ლარს გაუტოლდა. კლების დიდი წილი გრძელვადიან სესხებზე მოდის.

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 3.9 მლნ აშშ დოლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.26 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 62.1 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 82.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების მოკლევადიანი დაკრედიტების ზრდით იყო გამოწვეული.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ოქტომბერში 57.6 მლნ ლარით გაიზარდა და 393.1 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 33.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 64.2 %-ს გაუტოლდა.