საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრებმა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა, შაჰინ მუსტაფაევმა 30 ნოემბერს ბაქოში გამართულ შეხვედრაზე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იუწყებიან, ორი ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანზიტისა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრეს. აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციონირების შესახებ, რომელსაც შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობს. საკოორდინაციო საბჭოში შედიან აზერბაიჯანის რკინიგზის, საზღვაო ნავსადგურის, საზღვაო კომპანია კასპარის, საბაჟოს და სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლები.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მთავარ მიზანს წარმოადგენს ყველა იმ ტექნიკური და ხელოვნური პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა, რომლებიც ბარიერს უქმნიან ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მათი თქმით, ეს ხელს შეუწყობს აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის გაზრდას და ქვეყნებს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ქართული მხარე მიესალმება ასეთ ინივიატივებს. შეხვედრაზე ითქვა, რომ მსგავსი საკოორდინაციო საბჭო საქართველოშიც შეიქმნება.

ბაქოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო გამჭოლი ტარიფების საკითხებზე, რაც დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. დელეგაციების წარმომადგენლებმა ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის პროექტი, "ვიკინგის" პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი საკითები განიხილეს.

საქართველოს მხრიდან დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრასპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან სალუქვაძე ესწრებოდნენ.