ნუცუბიძის V მიკრორაიონში წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაციას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უწევს მონიტორინგს

თბილისის საკრებულოსა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალი ინიციატივის ფარგლებში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე ზვიად ჭილაიამ და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ინფორმაციით, ეს დედაქალაქში მიმდინარე ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული სამუშაოა, რომელიც, ერთობლივი ინიციატივის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს, ვაკის რაიონის გამგეობისა და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა დაგეგმა. სამუშაოების ჩატარება კონკრეტულ ვადაშია გაწერილი და მისი დროულად და ხარისხიანად შესრულებასაც სამუშაო ჯგუფი უწევს მონიტორინგს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ნუცუბიძის V მიკრორაიონში გამავალ 300 მმ-იანი მაგისტრალის 300-მეტრიან მონაკვეთს ახლით ცვლის. მაგისტრალი კვებავს 720-ე ნიშნულზე მდებარე რეზერვუარს, საიდანაც სასმელი წყალი ნუცუბიძის IV და V მიკრორაიონების მცხოვრებლებს მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და მაგისტრალის ახალი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს იგეგმება. შედეგად, ნუცუბიძის IV და V მიკრორაიონებში მაგისტრალური ქსელის დაზიანების შემთხვევები, რაც წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ხდება, მინიმუმამდე შემცირდება.

თბილისის საკრებულოსა და კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალი მენეჯმენტის ინიციატივა, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა. დღეისათვის, დედაქალაქის ყველა რაიონში შექმნილია საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს, მათ შორის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას ერთობლივად გეგმავენ.

სამუშაო ჯგუფები ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც უწევენ მონიტორინგს.