ბრიტანეთი და საქართველო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე შეთანხმდნენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ლონდონში ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში ფრენსის მოდს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მისი განვითარების პერსპექტივები. გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანეთის ვაჭრობის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ეკონომიკის სხვადასხვა დარგებსა და სექტორული მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ.

"ბრიტანეთის მხარემ გამოხატა დაინტერესება ბრიტანეთის საქმიანი წრეების მონაწილეობით კონკრეტული ღონისძიებების გამართვის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ მეტ ინფორმირებულობას და დაინტერესებას საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონალურ მნიშვნელობას და მის მოწინავე პოზიციას, როგორც ეკონომიკური რეფორმების, ასევე ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, რაც მას მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ინვესტიციებისთვის. დადებითად შეფასდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივა "აბრეშუმის გზის" ფორუმის გამართვის შესახებ, სადაც კიდევ ერთხელ, დამატებით მოხდა საქართველოს საერთაშორისო სატრანზიტო შესაძლებლობების დემონსტრირება.

მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირების დღის წესრიგსა და მისი განხორციელების საკითხებზე, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობაზე. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, რასაც სავაჭრო სივრცის შეთანხმება აძლევს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს, განავითარონ საინვესტიციო და ეკონომიკური კავშირები. დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ფილიპ ჰამონდთან და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, დევიდ ლიდინგტონთან, ასევე ბრიტანეთის პარლამენტში.

ვიცე-პრემიერის ვიზიტის პარალელურად, დღეს, ლონდონში, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სტრატეგიული დიალოგის "უორდროპის დიალოგის" მეორე შეხვედრა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართება საქმიანი შეხვედრა ბრიტანეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან", - ნათქვამია ინფორმაციაში.