სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 3 წევრის არჩევის მიზნით არჩევნები გაიმართა

სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 3 წევრის არჩევის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დღეს არჩევნები გაიმართა. როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იუწყებიან, არჩევნებზე მოწვეულნი იყვნენ როგორც საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარმომდგენი ორგანიზაციები, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ინფორმაცია სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრების არჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე განხორციელდა. არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები - ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია; ა(ა)იპ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"; ა(ა)იპ "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი"; ა(ა)იპ "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI"; ა(ა)იპ "ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო"; ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი"; ა(ა)იპ "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" და ა(ა)იპ "ახალგაზრდა ადვოკატები".

ხმის მიცემის შედეგად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრებად შემდეგი კანდიდატები აირჩიეს - "საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის" იურისტი თინათინ კასრაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანალიტიკოსი ნუცა თოხაძე და "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის" იურისტი შოთა როსტომაშვილი.