მთავრობამ პარლამენტს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დაუბრუნა

პარლამენტში 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი შევიდა. საბიუჯეტო პროექტში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა ისაუბრა. დეპუტატის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 225 მილიონი ლარით არის გაზრდილი. მისივე თქმით, ეს ზრდა შემდეგნაირად ნაწილდება - დაახლოებით 90 მილიონი მიმართული იქნება პენსიის 20 ლარით გასაზრდელად, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის პროგრამას 15 მილიონი ემატება, სპორტული ღონისძიებებისთვის ასევე 15 მილიონის დამატება ხდება. 10 მილიონი ლარი ემატება ეკონომიკის სამინისტროს. ასევე დაფინანსება ეზრდება სასჯელაღსრულების სამინისტროს. გარდა ამისა, მეჭიაურის ინფორმაციით, ხვნა-თესვის პროგრამისათვის მობილიზებული იქნება 48 მილიონი ლარი.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დასამტკიცებლად პარლამენტს ვადა 18 დეკემბრამდე აქვს.