აივ ინფექციის პრევენციის საკითხზე ღონისძიება გაიმართება

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, გაერო-ს სახლთან, მრგვალ ბაღში აივ ინფექციის პრევენციის შესახებ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია (UN Women), და საქართველოს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაცია (GYDEA), საქართველოს უნივერსიტეტთან (UG) თანამშრომლობით მართავს. მასზე ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ახალი სატელევიზიო სარეკლამო ვიდეორგოლი აივ ინფექციაზე კონსულტირებისა და ტესტირების უფასო სერვისების შესახებ, რომელიც გაერო-ს მოსახლეობის ფონდისა და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრთან თანამშრომლობით მომზადდა.

ღონისძიებას გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის დირექტორი, თამარ ლობჟანიძე, ჟურნალისტი და სარეკლამო ვიდეო რგოლის ავტორი ვიკა ბუკია გახსნიან.

ვიდეორგოლის ჩვენების შემდეგ გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, სადაც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მიერ გამოცხადებული ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები და სერტიფიკატები, აივ/შიდსის თემატიკის შესახებ საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად. დამსწრე საზოგადოებისათვის ახალგაზრდული მუსიკალური ბენდი "King Monkey" დაუკრავს.

საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს. 2015 წლის მონაცემებით, საქართველოში აივ/შიდსის 5 328 შემთხვევა აღირიცხა, რომელთა უმრავლესობას 29-დან 40 წლამდე ადამიანები წარმოადგენენ. აღსანიშნავია, რომ კავშირი ქალთა მიმართ ძალადობასა და აივ ვირუსით დაინფიცირების რისკის ზრდას შორის მთელს მსოფლიოში მაღალია. ძალადობის მსხვერპლი გოგონები და ქალები აივ ვირუსით დაინფიცირების ერთ-ერთ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ.

გაერო სრულად უჭერს მხარს გაერო-ს აივ-შიდსის გაერთიანებული პროგრამის (UNAIDS) ახალი გლობალური სტრატეგიის განხორციელებას როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეებზე. ყოველ წელს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება მრავალი ღონისძიება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, რაც ახალგაზრდებში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ფონდი აქტიურად უჭერს მხარს ინტეგრირებული აივ/შიდსის და სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებას. ახალგაზრდებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებში აივ ინფექციის პრევენციის მიმართულებით ეროვნული ინვესტირების გაზრდით, შესაძლებელი გახდება შიდსის ეპიდემიის დამარცხება 2030 წლამდე.